Dieses Blog durchsuchen

პოსტსაბჭოთა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირება და ტრანსფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში

საქართველოში მოქმედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ მასწავლებელთა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა და ექსპერტთა აზრის კვლევა

შესავალი                              მთლიანი კვლევის გადმოწერა

საქართველოში საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საზოგადოებრივი აზრი, როგორც ყოველთვის, ზედაპირული და, ზოგადი დაკვირვებით, ნაკლებად გამოკვეთილია, რადგან მისი ფორმირება, საყოველთაო მოსაზრების თანახმად, სახელისუფლებო შტოების მიერ გადადგმული ნაბიჯებით ხდება. ნებისმიერი მოქალაქის გამოკითხვის შემთხვევაში, თუ რა აზრის არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით, ან აშკარა და პოზიტიურ პასუხს მივიღებთ, ან სკეპტიკურ დამოკიდებულებას. პრობლემა იმაში მდგომარეობს,
რომ აღნიშნულ რესპოდენტთა უმრავლესობას საკითხი არ აქვს ღრმად გააზრებული. შესაბამისად, მათი ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ბუნდოვანი და ხშირად უტოპიურია. მსგავსი ხედვები ფორმირებულია ფარული ფაქტორებით,
ხოლო ის აქტორები, რომლებიც მათზე პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენენ, უმეტეს შემთხვევაში არ ჩანან. აუცილებელი იყო, რუსეთის კვლევებზე მომუშავე საქართველოს აკადემიური წრის, ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხედულებების და შეფასებების შესწავლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფართო სპექტრთან მიმართებაში, მათ შორის მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან, ეროვნული უსაფრთხოების სხვა საკითხებთან და ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნული თემატიკის ღრმად შესწავლა სამეცნიერო წრეებში საშუალებას გვაძლევს, სამოქალაქო საზოგადოებას მივცეთ ის მიმართულება, რომელსაც ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვნად საჭიროებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 1991 წლიდან უკანასკნელ პერიოდამდე რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაანალიზება. მნიშვნელოვანი იყო, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, საგარეო პოლიტიკური კურსის ტრანსფორმაციაზე გავლენის მომხდენი ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირება და პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა არის საჭირო ქვეყნის ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგიის ეფექტურობის გასაზრდელად. გაანალიზდა საქართველოს მმართველი ელიტებს საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები, მათი შესაბამისი პოზიციები რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაანალზება, არსებული პრობლემების მეცნიერული შესწავლა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიკაციის და პრევენციული ზომების მიღების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, კვლევა ჩატარდა საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორმასწავლებელთა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ექსპერტთა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აზრისა და დამოკიდებულებების გამოსავლენად (აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროფესორთა დიდი ნაწილი პარალელურად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში).
კვლევა მოიცავს სრულიად საქართველოს მასშტაბით შემდგომი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის შეხედულებებს: სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპსსაქართველოს უნივერსიტეტი, შპსკავკასიის უნივერსიტეტი, ()იპსაქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შპსშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ()იპსაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სსიპაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპსამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 60 – მდე სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის ამოცანას წარმოადგენდა იმ ძირითადი ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც რესპონდენტთა აზრით საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას. ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ უცნობი აქტორების მიზნების გამოაშკარავება, რომლებიც სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ხარისხით ახდენენ ზეგვალენას ქვეყნის მოსახლეობაზე. კვლევის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, გამოერკვია რუსეთის მიმართ დადებითი ან უარყოფითი განწყობების მიზეზები რესპონდენტებში, შესწავლილიყო მათი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომის და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. კვლევის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის: სტუდენტებისთვის და მოსწავლე ახალგაზდრობისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერების, კონფლიქტოლოგიის, რუსეთისმცოდნეობის და სხვა პროგრამების განხრით, ან ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. კვლევის ანგარიში ხელს შეუწყობს აღნიშნული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას, რადგან ქვეყნისთვის მყარი და ერთსულოვანი სამოქალაქო პოზიცია მსგავს საკითხებთან მიმართებაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen