Dieses Blog durchsuchen

პოლიტიკური რომანტიზმი ქართულ საგარეო პოლიტიკურ ჭრილში

აღსანიშნავია, რომ მრავალი ქართველი მოაზროვნე საუბრობდა ქართველი პოლიტიკოსების გულუბრყვილობის შესახებ.სამწუხაროდ, საქართველო პატარა ქვეყანა იყო ისტორიის მანძილზე და გახლავთ დღესაც ამიტომაც ქართული პოლიტიკური რეალობა იყო ძალზე რთული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მუდამ უწევდა არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.ამიტომ, ვერ ჩავთვლით ვერანაირად, რომ ქართული პოლიტიკა იყო მარტივად გადასაწყვეტი რამ.
ქართველ მოაზროვნეთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესები და არაფრი სხვა. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქართველი მეფეები, ვახტანგ გორგასალი, მეფე მირიანი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებდნენ და აქედან გამომდინარე შეძლეს მათ ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქვეყნის გადარჩენა. ხოლო მას შემდგე, რაც რელიგიის ფაქტორი გახდა გადამწყვეტი, უკვე დაიწყო ქართულ საგარეო პოლიტიკაში შეცდომები. ამის შეხმდეგ, ივანე ჯავახიშვილის აზრით, და მისი არგუმენტებით დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუბარი, ვინაიდან რუსეთსაც აწყობდა საქართველოსთან ურთიერთობა გამომდინარე იქიდან, რომ მას სჭირდებოდა ირანთან მიმავალი გზა, თავად ირანი კი ჭირდებოდა როგორც ინდოეთთან დამაკავშირებელი მონაკვეთი.ასე რომ პეტრე პირველსა და ვახტანგ მეექვსეს შორის ჩაეყარა საფუძველი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ამ დროს ჩამოვიდა დესპანი რუსეთიდან, რომელიც დაპირდა რუსეთის მფარველობას, დახმარებას ჯარით, ფულით, იაღაღით, ოღონდა საქართველოს რუსეთთან ერთად სპარსეთისათვის ომი უნდა გამოეცხადებინა. საბოლოოს მეფემ მოიწვია დარბაზი, იმდროინდელი პარლამენტი, რომელსაც რჩევები უნდა მიეცა მეფისათვის, აღსანიშნავია რომ იმდროინდელი დარბაზი აღმოსავლეთ პოლიტიკაში დახელოვნებული ადამიანებისაგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს არ გასჭირვებიათ ამოეცნოთ ის საფრთხე, რომელიც საქართველოსათვის შეიძლებოდა შეექმნა მოცემულ ურთიერთობებს რუსეთთან, თუმცა ვახტანგ მეექვსემ მოცემული საფრთხეების შესახებ საუბარს არ ათხოვა ყური , მან გააგრძელა რუსეთთან ურთიერთობა, რაც საბოლოოდ ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას.საბოლოოდ ვახტანგმა სპარსეთს გამოუცხადა ომი, აიღო განჯა, გადავიდა ყარაბღში, სადაც პირობების მიხედვით უნდა ყოფილიყო რუსეთის არმია. საბოლოოდ მოხდა ისე რომ რუსეთის ჯარი იქ არ ყოფილა, ხოლო პეტრემ შემოუთვალა ვახტანგს, ნუ შეშინდებოდა და ომი გაეგრძელებინა. ვახტანგი თავისი ჯარით უკან დაბრუნდა ხოლო საქართველომ კი იწვნია სპარსეთის შემოსევა და აოხრება. ვახტანგმა მიატოვა საქართველო და დიდგვაროვნებთან ერთად გადაიხვეწა რუსეთში. სხვათაშორის, კონსტანტინე გამსახურდია მოცემულ ადამიანებზე, რომლებიც გაყვნენ ასე ვთქვათ ვახტანგ მეექვსეს რუსეთში, ისინი შეადგენდნენ კონსტანტინე გამსახურდიას აზრით ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ვისაც უნდა ემართა რეალურად საქართველო, ვინაიდან მას ქონდა შესაბამისი განათლებაცა და გამოცდილებაც რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღო ქართული პოლიტიკური რეალობისათვის შესაბამისი.[1]
ზემოთთქმული მონაკვეთი ნათელს ფენს ყველაფერს, რომ ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ინტერესები, ვინაიდან ერთი ქვეყნის ინტერესებში, ყოველ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებში არანაირად არ ჯდებოდა ძლიერი საქართველო, ხოლო ქართველი მეფეების ერთი ნაწილიც, სანამ რუსეთი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ არენაზე, ქართველი პოლიტიკოსების დაინტერესების საგანი მანამ შექმნებოდა, აშკარად არც საქართველოსათვის იყო მხოლოდ რელიგია გადამწყვეტი ფაქტორი. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოჩდა, უკვე რატომღაც ქართველმა მეფეებმა, პოლიტიკოსებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭეს საგარეო პოლიტიკისათვის რელიგიას, რატომღაც, სწორედ იგი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესუსტებისა.
სხვათაშორის, ივანე ჯავახიშვილი იმაზეც კი საუბრობს, რაოდენ არ სურდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოძლიერება. იგი აცხადებდა, რომ ტოტლებენმა დასაჯა თავის არმიაში ის მებრძოლები, რომელთაც ქართველებს ასწავლეს ზარბაზნის ჩამოსხმა.საუბარია რატიშვილსა და თარხნიშვილზე, რომელთაც ასწავლეს ზარბაზნის ჩამოხსხმა ქართველ ჯარისკაცებს. ამ ვითარებით, როგორც ივანე ამბობს, ყველა სახტად დარჩა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც იგივეს იმეორებდნენ. შაჰ-აბასი მზად იყო ქართველებისათვის მრავალი პრივილეგია მიეცა, ასევე ხარკის შემცირებაზე , შეღავათებზეც იყო მზად, თუმცა მოითხოვდა იმას, რომ საქართველო ჩამოშორებოდა რუსეთს თუმცა საქართველომ მოცემული ქმედებისაგან თავი შეიკავა, რისთვისაც მიიღო უთვალავი შემოსები სპარსეთის მხრიდან და საბოლოოს კი მიიღო კრწანისი. ასევე, ჯავახიშვილი საუბრობს 1783 წელს გაფორმებულ გეორგიევსკის ტრაქტატზე და იგი აღნიშნავს, რომ ეს არის სამოკავშირეო ტრაქტატი, რაზეც მისი აზრით დაემოწმება მრავალი საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე ადამიანი ეს სრულებით არ გულისხმოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასევე, ამ ტრაქტატის დადების შემდეგ, აღა მაჰმად ხანის მიერ გამოგზავნილი დესპანი საუბრობდა იმაზე, რომ ირანის მმართველი საქართველოს პირდებოდა აზერბაიჯანს თავრიზამდე, თუმცა მეფე ერეკლე არც ამაზე წავიდა. საბოლოოს კი სპარსეთმა მოაოხრა საქართველო მათ შორის თბილისიც.[2]
ასევე იგი საუბრობდა იმაზე, რომ მის თანამედროვე სიტუაციაშიც ანალოგიური ხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ დელეგაციას ხელი შეუშალეს და არ მისცეს საშუალება რომ წასულიყო ჯერ სტამბოლში და შემდეგ იქიდან საფრანგეთში სადაც წყდებოდა საკითხი ტერიტორიის გადანაწილების შესახებ. ამას ქართველი პოლიტიკოსები მისი აზრით, ჩვეულებრივად უყურებდნენ, ძალზე ლოიალურად აფასებდნენ, მაშინ როდესაც მისი აზრით პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის დელეგაციას არანაირი პრობლემები არ შექმნია მოცემული საკითხის შესახებ და იგი უპრობლემოდ იქნა გაშვებული სტამბულში, ხოლო შემდეგ კი ევროპაში. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს ყველაფერიც იყო ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველები ხშირად იჩენდნენ გულუბრყვილობას საგარეო პოლიტიკის შესახებ.
თუმცა, საქმე იმაშია, რომ ივანე ჯავახიშვილის ისტორიულ მიმოხოლვასა და ქართული პოლიტიკის გულიბრყვილობას ერთგვარ ახსნას უძებნიდა ნოე ჟორდანია. აღსანიშნავია, რომ მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან იდგა რეალურად კლასობრივი მიზეზები. კერძოდ, მისი აზრით, თუკი ბიზანტიის ეპოქამდე, საქართველო მოქმედებდა თავისი ინტერსებიდან გამომდინარე, ანუ თუკი მისთვის გადამწყვეტი არ იყო არცერთი ფაქტორი, მათ შორის არც რელიგიის ფაქტორები, მაშინ რა მოხდა შემდეგ და რამ განაპირობა ის, რომ სქართველოს ერთადერთი და შეუცვლელი მოკავშირე შეიქმნა რუსეთი? იმიტომ, რომ ამ დროს ხდება ფეოდალიზმის გაბატონება. ამ შემთხვევაში კი ფეოდალიზმისაგან შეწუხებული მეფეები, ჟორდანიას აზრით დასაყრდენს პოულობდნენ პარტნიორის ძიებაში. ფეოდალიზმს კი ახასიათებს მისი, ასე ვთქვათ თანმდევი პროცესი, რასაც ეწოდება კლერიკალიზმი. ხოლო რაც შეეხება რელიგიური თვალსაზრისით კი ყველაზე მისღები იყო ერთმორწმუნე რუსეთი. ჟორდანიას აზრით, პირველ მიწერ-მოწერას და ელჩების გაგზავნას მოსკოვში იწყებს კახეთის მეფე ალექსანდრე 1492 წელს, მას მიბაძა ქართლია მეფემ გიორგი მეათემ მათ გზას აგრძელებენ მათი მემკვიდრეები. სწორედ ისინი სთხოვენ მიიღოს რუსეთმა საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, მეფე ალექსანდრე მეორე შეფიცავს რუსეთის მეფეს ერთგულ ქვეშევრდომობას შვილებით და პირდება უხადოს ხარკი წლიურად ქართული ნაქსოვებით. მოკლედ, ქართლ- კახეთის მეფეები უარს ამხობენ თავის სუვერენობაზე , აღიარებენ რუსეთის ქვეშევრდომობას და საფასურად ითხოვენ მფარველობას და დახმარებას მუსლიმების წინააღმდეგ.
სხვათაშორის, ძალზე საინტერესო შეკითხვას სვამს ნოე ჟორდანია, იცოდნენ თუ არა მოცემულმა „ახირებულმა პოლიტიკოსებმა“ იმის შესახებ, თუ როგორი იყო არამარტო რუსეთის პოლიტიკური სისტემა, არამედ როგორი იყო მისი  გეოგრაფიული საზღვრები მაინც? მისი აზრით, იმდროს როცა კახეთი ითხოვდა რუსეთისაგან შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადადიოდა მდინარე ოკაზე, ქვემოთ მდებარეობდა კაზაკის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმის და ასტრახანის სახანოები , ერთი სიტყვით,ჟორდანიას აზრით არავითარი საშუალება რუსეთიდან სამხედრო დახმარების მიღების არ არსებობდა საქართველოში. პირიქით, მისი აზრით ქართველები უფრო მეტად შედიოდნენ რუსების სამსახურში. ძალზე გულიბრყვილო პოლიტიკა ტარდებოდა ჟორდანიას აზრით საქართველოს მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიც თავად მრავალი ფრონტისაკენ იბრძოდა, ხოლო საქართველომ კი დაიჭირა ცალსახად ერთი ქვეყნის მიმართულებით პოლიტიკა, მაშინ როდესაც საქართველოს უნდა გაეტარებინდა ლავირების პოლიტიკა, რაც ზოგადად დამახასიათებელია პატარა ქვეყნებისათვის.[3]
აქვე, ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მრავალი მოაზროვნე, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე მიიჩნევს შემდეგ რამეს, რომ ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკა, საგარეო კუთხით, გავს მცენარის დამოკიდებულებას მზის მიმართ, ანუ, საიდანაც ანატებს მზე, მცენარეც იქით ტრიალდება, ასევე იყოს ქვეყნების პოლიტიკაც. იგივე, საქართველოს პოლიტიკა რომ ავიღო, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიდან, საქართელოსათვის შუქი და სითბო მოდიოდა ძირითადად ირანიდან, და საქართველოც ძირითადად მისკენ იყურებოდა, შემდეგ იყო ბიზანტია. პრინციპში, ეს ყველაფერი რეალობასთან შესაბამისობაშიც მოდის და ამ ყველაფერში გასაკვირიც არაფერია, რომ ქვეყანა ეძებს, ასე ვთქვათ უკეთეს დასაყრდენს და რომელიც უფრო მეტად განვითარებულია, ასე ვთქვათ გულიც იქით მიუწევს. მაგრამ, ნიკო ნიკოლაძე ერთ ძალზე საინტერესო რამესაც ამატებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას, მისი განვითარების პერსპექტიევბს ისე არაფერი აბრკოლებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მოშლა, მისი მრეწველობის მოშლა. აი ამ კუთხით, ნიკო ნიკოლაძე გამოყოფს რიგ პრობლემებს, რომელთა მიხედვითაც ახასიათებს რუსეთს და მისი აზრით რუსეთი არასწორი გზით მიდიოდა სამრეწველო თვალსაზისით, ანუ მაგალითად მას სამრეწველო ქარხნები, გადამამუშავებელი ქარხნები რომ აქვს აშენებული დასავლეთით, ამის შემდეგ აღმოსავლეთით გააჩნია რესურსი,  რაც ნიკოლაძის აზრით წარმოადგენს უდიდეს შეცდომას. ანუ, სამრეწველო-ეკონომიკური კუთხით რუსეთი მოწინავე ქვეყანას არ წარმოადგენდა მაშინ და არც ახლა წარმოადგენს.ხოლო თუკი მივყვებით მცენარის ლოგიკას იმ კუთხით, რომ მცენარე მზისკენ იხრება და ქვეყნის პოლიტიკაც მას გავს იმ თვალსაზრისით, რომ იქით იხრება , საითკენაც ხედავს განვითარებას, ამ შემთხვევეაში საქართველომ რა თქმა არასწორი პოლიტიკა ამოირჩია, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი მზეს არ წარმოადგენდა.[4]
აგრეთვე ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არამარტო საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკაშიც საკმაოდ ცუდი მაგალითები არსებობდა ნიკოლაძის აზრით იმ კუთხით, რომ პირველ რიგში, მისი აზრით ქვეყნების სურვილზე ნაკლებად არის დამოკიდებული ის ფაქტი, თუ ვის მოიემხრობიან, ვის აირჩევენ პარტნიორად, არამედ ამის საფუძველს წარმოადგენს უფრო მეტად ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. საქართველოს სისუსტის მიზეზს კი ავტორის აზრით, წარმოადგენდა მრავალი მიზეზი და მათ შორის იყო ის, რომ პირველ რიგში თუკი დაიბადებოდა სადმე ჩვენსგან შორს ადამიანი, რომელიც აგვაოხრებადა, მნიშვნელობა არ ქონდა რა ერქვა მას,  თემურ-ლენგი თუ ჩინგიზ ყაენი, აგვაოხრებდა და აგვატიალებდა. თუმცა, მეორე შემთხვევაში, თუკი როდისმე, დროის მცირე მონაკვეთში ქვეყანა დაწყნარდებოდა ხოლმე ასეთ ვითარებაში უკვე ადამიანები ძირითადად ერთმანეთს ექიშპებოდნენ, კახეთი ქართლს, იმერეთი კახეთს და ა.შ. ანუ , ავტორის აზრით ამ სიტუაციაშიც როდესაც არ არსებობდა გარეშე მტრები, სერიოზული პრობლემები იყო თავად ქვეყნის შიგნით. ქვეყნის მთლიანობასთან საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ საქართველოს სამწუხაროდ თავისი ისტორიის მანძილზე და თავისი ისტორიული მიზეზით ჩამოუყალიბდა იმის შეგრძნება რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვინმე დამხმარე, უფრო სწორად, უნდა ჰყავდეს მფარველი, სხვა შემთხვევაში იგი ვერ გადარჩება. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მრავალჯერ აღვნიშნეთ და მართლაც პატარა ქვეყანაა, რომელსაც ტავის გადარჩენა სჭირდება, თუმცა ამ ყველაფერმა დგვაკარგვინა საკუთარი თავის რწმენის განცდა, იმის ზრუნვისაგან გაგვანთავისუფლა, რომ ჩვენი თავის განვითარებაზე გვეფიქრა და არა მაინცდა მაინც უკეთესი მფარველის ძებნაზე.ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ საქართველოს, შეეძლო კარგი, გაწრთვნილი ჯარის ყოლის შემთხვევაში თავი გადაერჩინა. საბჭოთა ოკუპაციას გამკლავებოდა. თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ დაუხვდა მტერს მზად, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა კინკლაობები არსებობდა, ქვეყანა არ იყო შეკრული და პოლიტიკური გულუბრყვილობიდან გამომდინარეც არ აფასებდნენ ქართველი პოლიტიკოსები რეალურად შექმნილ საერთაშორისო სიტუაციას, რის შედეგადაც მოხდა ის რაც მოხდა. საბოლოოს კი დავმარცხდით.[5] ანუ, უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური გულუბრყვილობა საბოლოოდ მიდის ხოლმე იქამდე, რომ საკუთარი თავის იმედსაც ვკარგავთ, არ ვცდილობთ ჩვენი თავის განვითარებას, ერთმანეთს ვმტრობთ, რის შედეგადაც ამ ყველაფრის ნაყოფს ვიმკით.
აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პოლიტიკური გულუბრყვილობა ჩანს აგრეთვე1832 წლის აჯანყებულებთანაც, გამომდინარე იქიდანმ რომ ამ დროს ვითარება იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე აჯანყებულებს მიაჩნდათ.ამ დროს მიმდინარეობდა აჯანყება პოლონეთშიც, ასევე თავად აჯანყებულებს ჰქონდათ დაგეგმილი დკემბრის თვეში აჯანყება გამომდინარე იქიდან, რომ რომანტიული გრძნობები აკავშირებდათ დეკაბრისტებთან და ესეც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ აჯამყებულებს არ დასცალდათ და ისინი გასცა იასე ფალავანდიშვილმა და საბოლოოდ დაემხო ამ ყველაფერზე ფიქრი.
ძალზე საინტერესო იყო ამ ყველაფრის მიმართ თავად რუსული პოლიტიკის დამოკიდებულება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი საფიქრალი იყო ის, თუ როგორ დაესაჯათ აჯანყებულები, საბოლოოდ კი ისინი რბილი პოლიტიკისაკენ გადაიხარნენ, გამომდინარე იქიდან, რომ აჯანყებულთა დიდი ნაწილი არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო და აქედან გამომდინარე, არ იქნებოდა უპრიანი მათი დასჯა და მათი ასე ვთქვათ წრის საზოგადოების გადაკიდება, ამავე დროს მიმართეს ისეთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც უფრო ადვილად გადაიყვანდნენ თავიანთი პოლიტიკის მხარეს, უფრო ადვილად გახდიდნენ თავიანთი პოლიტიკის ნაწილად მოცემულ ადამიანებს.
აგრეთვე, ძალზე საინტერესოდ წერდა კიტა აბაშიძე ქართული პოლიტიკური რომანტიზმის შესახებ. იგი წერდა იმ მიზეზებზე, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა 1832 წლის აჯანყება, მისი აზრით, ყველა დიდგვაროვანსა და აჯანყებაში ჩართულ ადამიანს ჰქონდა თავისი მიზეზი, თუ რატომ უნდა აჯანყებულიყო რუსეთის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად დიმიტრი ბატონიშვილზე მას მიაჩნდა რომ მან აიტანა უთვალავი შეურაცხყოფა იგივე ციციანოვისაგან, რომელსაც დიმიტრი ასე მარტივად არ გადაყლაპავდა და აქედან გამომდინარე ლოგიკურიც იყო მისი ჩართვა 1832 წლის აჯანყებაში.ასევე, ძალზე საინტერესო რამეზე საუბრობდა კიტა აბაშიძე. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორ შეატყობინეს აჯანყების შესახებ, იგი წერს რომ რუსეთის ხელმწიფე გამორიცხავდა თავიდან იმას, რომ ქართველთა უკან არავინ იდგა.მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს აჯანყება წარმატებით დასრულდებოდა და შედეგს გამოიღებდა, მაინც მეფის აზრით საქართველო მტრებით იყო გარემოცული და იგი რეალურა შედეგს ვერ მიიღებდა, ამიტომ იმპერატორმა ლოგიკურად სწორად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის უკან, ვიღაც სხვა იდგა აჯანყებულებს ზურგს სხვა უმაგრებდა, ვინც ბევრად უფრო დიდ საფრთხეს შეადგენდა რუსეთისათვის, ვიდრე აჯანყებულები იყვნენ.[6]
ანუ, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველთა პოლიტიკურ გულიბრყვილობაზე მიუთითებს თავად რუსეთის არასერიოზული დამოკიდებულებაც, რომ ვინმე ხომ არ იდგა ამ ყველაფრის უკან თორემ ეს ყველაფერი საქართველოსათვის რა შედეგს გამოიღებდაო. ასევე იგი საუბრობს იმ აზრზე, რომ საქართველოს მეფეებს აკრიტიკებდნენ, თითქოს მათ არასწორი პოლიტიკა აირჩიეს იმ კუთხით, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობისას ვერ ხვდებოდნენ, თუ რამხელა რისკზე მიდიოდნენ, რომ ძალზე დიდ საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. თავად კიტა აბაშიძე კი აკრიტიკებს მოცემულ მოსაზრებას და მისი აზრით, პირიქით, ქართველი მეფეები ამ ყველაფერს თავიანთი კომპეტენციიდან და  სწორი ვარაუდებიდან აკეთებდნენ გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში კიდევ არსებობდა შანსი იმისა, რომ საქართველოს ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. ანუ, რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით მაინც შეენარჩუნებინათ გარკვეული შანსი ნაწილობრივი სუვერენიტეტის.
ასევე, ძალზე საინტერესოდ საუბრობს კიტა აბაშიძე არამარტო აჯანყებულებისა და ასე ვთქვათ პოლიტიკოსების ილუზიებსა და რომანტიზმზე, არამედ თავად საზოგადოების კუთხითაც. მაგალითად, იგი წერს, რომ მოხელეების მოჭორილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ერი ღაღადებდა იმას, თხოვდა რუსეთის იმპერატორს იმას, რომ მოესპო საქართველოს ტახტი რუსეთის იმპერატორს, გამომდინარე იქიდან რომ ტახტის მემკვიდრეთა შორის სუფევდა დიდი განხეთქილება. ამას, წერს კიტა აბაშიძე, აკრიტიკებდა იულონ ბატონიშვილიო, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იგი მიაჩნდა რუსი ან რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი ქართველების თუ სხვა ეროვნების ჩინოვნიკების მოგონილი რამ.  ასევე, მას უწერია ოქროპირ ბატონიშვილის თხვნის შესახებ ქართველების მიმართ რომელიც მოუწოდებდა ქართველებს გაეხსენებინათ ძველი დრო, როდესაც საქართველოს ჰყავდა შესაბამისად ხელმწიფე, თუ რაოდენ მარტივად შეიძლებოდა მასთან მისვლა სამართლის საპოვნელად და მის მოსათხოვად.
საბოლოო ჯამში იმის თქმა შეიძლება რომ რა თქმა უნდა ქართული პოლიტიკური აზრის თანმდევი პროცესი იყო რომანტიზმი, რაზეც კიტა აბაშიძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანიდან“  მოჰყავს მაგალითები.თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო პატარა ქვეყანა იყო და არის, აქედან გამომდინარე კი ძალზე რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუდაც მფარველის არჩევის დროს. როგორც ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, საქართველოს არ ჰქონდა იმის ბედნიერება არასდროს რომ კარგი არჩევანი გაეკეთებინა, არამედ ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის კეთდებოდა არჩევანი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით კონკრეტული გზის არჩევის შემდეგ და თუნდაც შედეგების გათვალისწინებით არ უნდა მოხდეს კონცენტრირება იმაზე, ამ ყველაფერმდა ჩვენმა არჩეულმა გზამ გამოიღო კარგი შედეგი თუ არა. არამედ, აქცენტის გამახვილება უნდა მოხდეს იმაზე, სხვა გზა რომ აერჩია ქართელ პოლიტიკოსებს ეს უარეს შედეგს ხომ არ გამოიღებდა. თუმცა, თავად ხალხის სპეციფიკიდან გამომდინარეც უნდა ითქვას, რომ ქართველები საკმაოდ მაწსიმალისტები არიან, მცირედით არ კმაყოფილდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტია, პატარა ქვეყანა ვართ, არც იმდენად სახარბიელო გეოპოლიტიკური მდებარეობით, თუმცა, თითქმის ყოვეთვის უკმაყოფილონი ვართ მიღებული შედეგით, თუკი იგი განსაკუთრებით იდეალური არ იყო. ჩემი აზრით, კიტა აბაშიძის ნაშრომში იყო ელემენტები მოცემული აზროვნებისა და მეც მიმაჩნია, რომ მხოლოდ პოლიტიკური რომანტიმზი არ ედო საფუძვლად ქართველთა საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს, არამედ ცუდსა და უარესს შორის გაკეთებული არჩევანი.



[1] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014)
[2] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014); (გვ 18);

[3] ჯორდანია ნ; „საქართველოს საგარეო პოლიტიკა“ ; ( პარიზი 1934)
[4] ნიკოლაძე ნ; „სამერმისო“  (1917)
[5] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014);
[6] აბაშიძე კ; „პოლიტიკური რომანტიზმი“ (1905) ;

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen